Mittwoch, 25. Januar 2012


ენერგოკრიზისი 2000-2004

1.     ყოველდღიური დღე


მან იცის რომ მე მაქვს სამ კბილზე კარიესი. მარჯვენა საფეთქლიდან დაშვებული სწორხაზოვანი იარა, მარცხენა ძუძუსთავზე მუქი მეწამული ხალი.

კაფეში სკამები არიეს. კარები ჩაკეტეს. დარაბები დაუშვეს.

საღამოა.

კაფეში ჩვენ არ ვყოფილვართ.

ახლა ტრასაზე მანქანებს ვითვლით, რომლებიც სიმყუდროვეს დაატარებენ.

ჩვენ მუდმივი მიმართულების სამარშრუტო ტაქსი გველის.

ერთი ორგაზმი მზგავრების ხმაურში დამრგვალდა და კვერცხივით შეეფშვნა გაბზარულ შუშას. მეორე დაყრუვდა და გაწეპილ ტყავის სავარძელს დააკვდა.

–ინებეთ ორის, გოგონა ორ გაჩერებაში ჩამოვა.

2001

2.     ფრენის გაკვეთილები

როცა ზღვა სახლში მიდის ჩვენ მასთან მივდივართ. ამ დროს  ის მშვიდია, თუმცა საღამოობით სულ წვიმს და ჩვენ ერთმანეთს ვეხუტებით და ჩუმად ვლაპარაკობთ. თუმცა მარტო ჩვენ ვართ ზღვის ნაპირზე.

შუადღეზე გვშია. ვჭამთ ზღვის შვილებს და კარავში მივდივართ.ოფლი იწეპებს ქვიშას და ამიტომ ისევ ზღვასთან მიგვდენის მზე. ზღვა თავის სახლშია. ჩვენც გვაქვს სახლი, მაგრამ ახლა არ გვახსოვს.

3.     შემწვარი კარტოფილი

ამ ქალაქში სულ წვიმს. შენ გიყვარს წვიმა. ამ დროს სვამ ლუდს და ნელ–ნელა ინგლისელს ემგვანები. ალერგია გაქვს მტვერზე, ამბროზიაზე და ჩემზე. და კიდევ ერთი ხელოვნური კბილი.

მე თავი მტკივა და წნევა მიწევს ღამე. არა დილაობით უფრო. ან როცა სურვილები მეძალებიან, რომლებსაც ვერ ვახორციელებთ.

ჩვენ გვინდა ერთი ოთახი. შენ იყიდი კარტოფილს. მე დავკიდებ ფარდებს. ჩვენ ერთად დავთლით კარტოფილს და დავყრით ცხელ ტაფაზე.

მე მიყვარს როცა ჭრიჭინებს სამზარეულოს მაგიდის ფეხი და  შიშხინებს კარტოფილი იაფფასიან მზესუმზირის ზეთში.

ამ დროს ყველაფერი გემრიელია, რაც ჯანრთელობას საშინლად ვნებს.

4.     შეიძლება ასეც

მან იცის, რომ მე მაქვს პატარა კეხი ცხვირზე,“გეოგრაფიული ენა“ და ნაჭრილობები მარცხენა ფეხის ნეკა თითზე.

კაფეში ჯდომა მოგვწყინდა.

       წავედით ჩემთან.

შენ მოგწონს ჩემი ჭრელი ზეწარი . იხვევ მას როგორც ტოგას და შემოვარდები სააბაზანოში, რომ ვანაში ჩამიწვე.

მე ვდგები საპნის ქაფიდან და ვრთავ ჯაზს ნიუ–ორლეანიდან.

საპნის ბუშებში გამომწვრეული ვსკდებით რიგრიგობით.

ცისარტყელას სააბაზანო ლივლივებს, მაგრამ ეს არ არის სამოთხე, თუმცა შენ საკათედრო ტაძართან ცხოვრობ.

5.     სიმღერის გაკვეთილები

შენ ახალი გიტარა იყიდე. მე მიყვარს ის. თუმცა ვერასოდეს ვიმღერებ კონცერტზე შენთან ერთად.

       იქნებ საწოლი გაგვეტანა სცენაზე? – დამცინი შენ.

შენს კონცერტებს ანშლაგები აქვს. ჩვენი საწოლი გატყდა. ხვალიდან ლეიბებზე ვიძინებთ. მე ლეიბზე სიმღერა აღარ გამომდის.

შენ ღამის კლუბში მღერიხარ ვიღაც თმაგაწეწილ ქალთან ერთად. ლეიბზე წოლა არც შენ მოგწონს.  

6.     იქ, სადაც გავდრჩით

უკანასკნელი აურელიანო ჩემში დაბინადრდა. სიზმარი უკუღმა მესიზმრება. და იქ გვირილები წვიმს. ყვითელგულა ჩიტებს დააქვთ შენი თმები... დანარჩენი რომ ნახო, მოდი ჩემს სიზმარში. დამისიზმრე.

აქ გამყინვარებაა 13 წელია. ლოლოებსაც სცივათ.

ჩვენ ადვილად ვტყუვდებით, იმისთვის რომ გავთბეთ.

ჩვენ ადვილად ვთვინიერდებით, იმისთვის რომ არ დადგეს „მარტოობის 100 წელიწადი“.

ჩვენ გვჯერა სიზმარში მოხარშული ჰალუცინატორი სოკოს მეხსიერების და ამიტომ ალბათ სადღაც გადავრჩებით, იქ, სადაც რეალობის კანონზომიერება აღარ ჭრის.

გადავრჩებით ყინულოვანი სევდით და მზეზე დამწვარი მაყვლის ვნებით.

მოთვნიერება ადამიანების პრეროგატივაა თანაარსებების მიმართ.

მოთვინიერებული თანაარსებები, ხშირად ადამიანებიც არიან.

მარიმ პირველი სიტყვა თქვა წიაბუ. ეს ნიშნავს სიყვარულს.

წიაბუ.

2001

Keine Kommentare: